
უმაღლესი განათლების ჭარბი კონცენტრაცია დედაქალაქში იწვევს ახალგაზრდების მიგრაციას რეგიონებიდან, რაც აფერხებს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. როდესაც ახალგაზრდა ტოვებს საკუთარ ქალაქს იმიტომ, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ თბილისშია, ის ხშირად აღარ ბრუნდება. ეს კი ნიშნავს არა მხოლოდ „ტვინების გადინებას“, არამედ ენერგიის, ინიციატივისა და მოსახლეობის გადანაწილების დისბალანსს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივას უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დღეს თბილისში თავმოყრილი სასწავლებლების გამო უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა კარგავს განათლების მიღების შესაძლებლობას, რადგან დედაქალაქში სწავლა მოითხოვს დამატებით ხარჯებს საცხოვრებლის, ტრანსპორტის, კვებისა და ყოველდღიური საჭიროებების კუთხით, რაც ხშირად თავად სწავლის საფასურსაც კი აჭარბებს.
„საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა დღეს მისი გეოგრაფიული დისბალანსია. ფაქტი, რომ სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს თბილისში. ეს არის მშრალი ციფრები, მის მიღმა კი მრავალი საკითხი იმალება.
უმაღლესი განათლების ჭარბი კონცენტრაცია დედაქალაქში იწვევს ახალგაზრდების მიგრაციას რეგიონებიდან, რაც თავის მხრივ აფერხებს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. როცა ახალგაზრდა ტოვებს საკუთარ ქალაქს იმიტომ, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ თბილისშია, ის ხშირად უკან აღარ ბრუნდება, ეს ნიშნავს არა მხოლოდ „ტვინების გადინებას“, არამედ ენერგიის, ინიციატივისა და მოსახლეობის გადანაწილების დისბალანსს.
თუ ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი ან თელავი გადაიქცევა სრულფასოვან საგანმანათლებლო ცენტრად, იქ გაჩნდება მოთხოვნა საცხოვრებელზე, კვებაზე, ტრანსპორტზე, კომუნალურ მომსახურებაზე, რაც თავის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ბიზნესს სტიმულს მისცემს. როგორც წესი უნივერსიტეტი იქცევა ქალაქის ეკონომიკურ გულად ის ქმნის ცოცხალ გარემოს, სადაც იდეა, ინოვაცია და ინიციატივა ერთმანეთთან ხვდება. სასწავლო რესურსების სხვადასხვა ლოკაციებზე განაწილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს განათლების ხელმისაწვდომობას. დღეს, როდესაც უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი, უამრავი ახალგაზრდა კარგავს განათლების მიღების შესაძლებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქში სწავლა დამატებით ხარჯებს მოითხოვს საცხოვრებელი, ტრანსპორტი, კვება და სხვა ყოველდღიური ხარჯები ხშირად გაცილებით აჭარბებს თავად სწავლის საფასურს. შედეგად, ბევრი ნიჭიერი ადამიანი იძულებულია უარი თქვას უმაღლეს განათლებაზე.
თუ უნივერსიტეტების გეოგრაფიული განაწილება მოხდება და რეგიონებშიც შეიქმნება ხარისხიანი სასწავლო გარემო, სწავლა რეალურად გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.
გარდა ამისა, განათლების გეოგრაფიული გაფართოება მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქ. დღეს თბილისში განათლებასთან ერთად კონცენტრირებულია საცხოვრებელი, სამუშაო და სოციალური რესურსები, რაც საცობების პრობლემას, საცხოვრებელი ფასების უკონტროლო ზრდას, ეკოლოგიის გაუარესებას და სხვა პრობლემებს იწვევს. რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც თბილისს “სუნთქვის საშუალებას” მისცემს და ქვეყნის განვითარებას ბალანსს დაუბრუნებს.
საბოლოოდ, თუ განათლება მხოლოდ დედაქალაქის პრივილეგიად დარჩება, რეგიონების გაძლიერებაზე საუბარი ფორმალური იქნება. მაგრამ თუ განათლების გეოგრაფია გაიფართოებს ქვეყანა მიიღებს ახალ სიცოცხლეს: ახალგაზრდები აღარ წავლენ თბილისისკენ, არამედ თბილისიდან წავლენ რეგიონში!“ - წერს ჩიხელიძე.