
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.
"სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო,"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები არის სერიოზული, რაც გამოწვევები კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა.
მისივე თქმით, ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება უმაღლესი განათლების სისტემაში.
„ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
"გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები - ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.