
იტალიაში, ქალაქ მილანში, 29 წლის ცნობილი მოდელი და ძვირადღირებული საცურაო კოსტუმების ბრენდის დამფუძნებელი, პამელა ჯენინი, პარტნიორმა, 52 წლის ჯანლუკა სონჩინმა დანით მოკლა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახალგაზრდა ქალმა ყოფილ პარტნიორს საღამოს დაურეკა, შეშფოთებული იყო შეყვარებულის აგრესიული ქცევით. ზარის მიღებისთანავე, მისმა ყოფილმა პარტნიორმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.
როგორც La Repubblica იუწყება, საღამოს 10:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე, ბინის ტერასაზე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს დანით 24 ჭრილობა მიაყენა. მედიის ინფორმაციით, ტრაგედია მეზობლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომლებიც უმწეოდ აკვირდებოდნენ მოვლენებს ქუჩის მოპირდაპირე შენობიდან.
"მისი კივილის ხმა გავიგეთ. ყვიროდა: "დამეხმარეთ, დამეხმარეთ!" - განუცხადეს თვითმხილველებმა მედიას.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალის დაჭრის შემდეგ, ჯანლუკა სონჩინმა თვითმკვლელობა სცადა და სანადირო დანით ყელი გამოიჭრა. მამაკაცი პოლიციის თანხლებით ნიგუარდას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ვიცი, რომ პამელას მისი მოშორება სურდა. მას მისი მიტოვება სურდა, მაგრამ მე ვერ გადავარჩინე", - განუცხადა მოდელის ყოფილმა შეყვარებულმა გამომძიებლებს.
მედია იუწყება, რომ წყვილს სერიოზული პრობლემები ელბას კუნძულზე ბოლო შვებულების დროს შეექმნა, სადაც 52 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, პარტნიორს ძაღლის მოკვლით დაემუქრა.