რეზონანსი
15.10.2025

 

მმართველი ძალისთვის, საქართველოს ინტერესებს მიზანმიმართულად სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აზიანებს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ათონელის რეზიდენციაზე თავდასხმის ზურაბიშვილისეული შეფასება ცრუ ინფორმაციის გავრცელების გარდა, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის შელახვა და ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალების მხარდაჭერაა.

დამტვრეული ჯებირები, დამწვარი და განადგურებული ქუჩის ინფრასტრუქტურა და კერძო საკუთრებაში არსებული კაფეების ინვენტარი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის

ძეგლების დაზიანება - ეს ათონელის ქუჩაზე 11 დღის წინ განხორციელებული ძალადობრივი ღამის შედეგია, თუმცა სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება მოდელირებული იყო და მიზანი მშვიდობიანი მოძრაობის დისკრედიტაციაა. 4 ოქტომბრის მოვლენებზე ექსპრეზიდენტმა პრაღაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარისთვის საქართველოზე კოორდინირებული შეტევა და ჰიბრიდული თავდასხმაა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარე აქტორები ცრუ და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გასავრცელებლად სწორედ ზურაბიშვილს იყენებენ. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ გარე აქტორების მხარდაჭერით ოპონენტები ტყუილის ტირაჟირებით ცდილობენ 4 ოქტომბრის მოვლენებში საკუთარი დანაშაული ხელისუფლებას გადააბრალონ.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ზურაბიშვილის პოზიციას, ოპოზიციის ნაწილისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომლის რამდენიმე ლიდერიც პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმისთვის არის დაკავებული. სწორედ ამ პარტიის უპასუხისმგებლო ქმედებებზე აკეთებენ აქცენტს სხვა პოლიტიკურ პარტიებში.

სალომე ზურაბიშვილის ქმედებების ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილ პრეზიდენტს სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელს უწოდებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება სწორედ ამის დადასტურებაა.

პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, 4 ოქტომბრის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის ორგანიზატორებთან ერთად უშუალოდ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე არაერთი პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×