
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
„კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმების კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რათა ეს მექანიზმი დაზარალებულთა კომპენსაციისთვის უფრო მოქნილად და ეფექტიანად გამოიყენებოდეს“, - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ცვლილებებით რამდენიმე წინაპირობაა შემოთავაზებული, რომელიც კუმულაციურად უნდა იყოს დამდგარი.
„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილი უნდა იყოს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მეტწილად საუბარია ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც შეიძლება იყოს თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ. იმავდროულად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი და ამასთან, დაზარალებული წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. თუ ეს სამივე წინაპირობა შესრულებულია, ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ იმპერატიულად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შესაბამის ცნობას მიაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა საზღვარზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს და დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოფს და აღასრულებს გადაწყვეტილებას საქართველოდან გასვლის აკრძალვის თაობაზე.
„საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლებას ორი საფუძველი ექნება - ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან მეორე, როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.