რეზონანსი
15.10.2025

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს იცხოვროს მშვიდობიან, განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანაში. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან თავის გამოსვლაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.

„ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას. 1 106 965 - ეს არის ხმების რაოდენობა, რომელიც 4 ოქტომბერს მივიღეთ. მადლობა თითოეულ მათგანს. მადლობა სამართალდამცავ უწყებებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას პროცესების კარგად მართვისთვის.

უპრეცედენტოა, რომ გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი. უფრო მეტიც, გავიმარჯვეთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ისტორიული შედეგი გვაქვს თბილისშიც. თითოეულ არჩეულ მერს და საკრებულოს წევრს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.

„ხელისუფლების დამხობას აპირებდნენ და თვითონ დაემხნენ. სისხლის სამართლის დანაშაული ჯერ გამოაცხადეს და შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩაიდინეს. ახლა კი, გამიჯვნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

საქმე ისე მიდის, არ გამიკვირდება თინა ბოკუჩავამ მიშა ვეღარ იცნოს და ლევან სანიკიძემ - პაატა ბურჭულაძე. სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ თავისი ყოფილი სასახლე ვეღარ იცნო, ადრე უფრო მყარი ღობე იყოო...ეს ხალხი საქართველოს სირცხვილია. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე მხოლოდ ეპითეტი აღარ არის, ეს განაჩენია.

როგორ ბედავთ და პრეზიდენტის სასახლის შტურმის შემდეგ კიდევ ხმას იღებთ?! როგორ ბედავთ და ჩვენს გმირ პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ კიდევ რაიმეს ამბობთ?! როგორ ბედავთ და სახელმწიფოს მიმართ ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ, ისევ პოლიტიკოსებად მოგაქვთ თავი?!

მაგრამ ეს ყველაფერი ხდება თქვენი საერთაშორისო პატრონების დავალებით. შიდა აგენტურა ახლა მხოლოდ გარე მფარველების ამარაა დარჩენილი.

ის ქალბატონიც, ელინა ვალტონენი, გუშინ რომ რუსთაველზე ჩამოიარა და ვენის კონვენცია თავზე დაგვახია, ამის ნათელი გამოხატულებაა.

ქალბატონო ელინა, ძალიან სამწუხაროა, თქვენი გუშინდელი პერფორმანსი. აბა, ერთხელ მოიკითხეთ რევანშისტების მიერ დაშავებული პოლიციელები, აბა, ერთი სიტყვა მაინც თქვით ძალადობრივი აქციების დასაგმობად, მაგრამ არა.

წარმოუდგენელია, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე პოზიციონირებს. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ქართულმა საზოგადოებამ რადიკალებს კიდევ ერთხელ გასცა ღირსეული პასუხი 4 ოქტომბერს.

ჯერი კი ახლა ჩვენზეა, წინ საკონსტიტუციო სარჩელია, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე!“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×