
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ადამიანებს პასიური საარჩევნო უფლება რაიმე კონკრეტული ვადით აეკრძალებათ თუ სამუდამოდ.
როგორც გორდულაძემ სესიაზე განაცხადა, „როგორც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლიდა თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული, რეალურად, ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები“.
გორდულაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებაში არავითარი ვადა მითითებული არ არის და არც იქნებოდა მიზანშეწონილი.
„ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - წარმოვიდგინოთ, რომ ნაცისტური პარტია აიკრძალა. მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება იქნებოდა მიზანი თუ არა ნაციზმზე უარის თქმისთვის და რეალიზებისთვის? არა, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ნაციზმის შემოქმედ პირებს, რომლებიც ნაცისტურ პარტიას ქმნიდნენ, მათაც აეკრძალებოდათ პოლიტიკური საქმიანობა. წარმოვიდგინოთ სხვანაირად რომ განვითარებულიყო მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი მოვლენები და ადოლფ ჰიტლერს რა ვადით შეიძლებოდა აკრძალვოდა პარტიის დაფუძნება? რა თქმა უნდა, უვადოდ იმიტომ, რომ ადოლფ ჰიტლერი თავის ზნეს არასდროს შეიცვლიდა. ზუსტად ასე არიან ახლა „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული, რეალურად, ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები - როგორც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლიდა თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან და არ ექნებათ სურვილიც კი, რომ ქვეყნის ღალატზე, კონსტიტუციის დარღვევაზე, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე და ასე შემდეგ, ხელი აიღონ. შესაბამისად, არავითარი ვადა კანონით მითითებული არ არის და არც იქნებოდა მიზანშეწონილი აღნიშნული ვადის ჩაწერა, მარტივია. ქვეყნის ღალატზე ხელმომწერი ადამიანი არის, წარსულშიც იყო და იქნება მოღალატე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტი, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.