
დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში. მას ამ ნაბიჯით უნდოდა ეჩვენებინა სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა, რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლასა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მისვლას გამოეხმაურა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხდება მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ იარაღად გამოყენება.
„მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს, არის ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, გუშინდელ საქციელს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში და ამას ყველა ხედავდა, მათ შორის პირდაპირ ეთერსა თუ ფოტოებში. ასევე, მოვისმინეთ ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობა მის განცხადებებში. დღეს ყველამ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა. ზუსტად ეს არის ის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ხდება მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებულ იქნა მისი მხრიდან პირველი იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ამას შეჩვეული ვართ და მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა, ამით დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით მას უნდოდა ეჩვენებინა სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გაანალიზოს ასეთი საქციელი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეუთო-ს როგორც ორგანიზაციას ურტყამს. მართალია, მისი თავმჯდომარე არის რიგითობის მიხედვით, თუმცა ზუსტად ამიტომაც ჩანს, რომ იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად.
ვხედავთ, ჩვენ სამწუხარო ტენდენციებს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ როცა საუბარია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ეს ზოგიერთის მხრიდან მოჩანს როგორც ცარიელი სიტყვები, რომელიც მხოლოდ საბაბად შეიძლება გამოიყენო სხვებთან სასაუბროდ. თუმცა თავად არ აცნობიერებენ და არ იზიარებენ თუ რას ნიშნავს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა - უპირველეს ყოვლისა, ვენის კონვენციის პატივისცემა, რომელიც გუშინ ასე უხეშად დაარღვია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა ელჩმაც, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთო-ს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.