რეზონანსი
14.10.2025

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფუძვლიანად ემზადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 17 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალებს შესაბამის უწყებებთან განიხილავს.

„ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებით პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისთვის. დღეს შეხვედრა მქონდა სამხედროებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ენერგეტიკის მინისტრთან და ოფისის გუნდთან - საუბრის ყველა ასპექტი უნდა შემუშავდეს, რათა უკრაინა ნამდვილად გაძლიერდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან უკვე განიხილეს გარკვეული საკითხები და არსებობს ისეთი „გადაწყვეტილების მონახაზები, რომლებიც შეიძლება, დაეხმაროს" სხვადასხვა ტიპის იარაღებთან დაკავშირებით.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ზოგიერთი საკითხი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მათი ტელეფონით განხილვა არასასურველია.

„ჩვენ ასევე ვგეგმავთ შეხვედრებს ამერიკული თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქალაქებისა და თემების საჰაერო თავდაცვა და მდგრადობა, ასევე რუსეთის იძულება მშვიდობის დამყარებისკენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს" შორის „ცხელი ომის" დასრულების სამშვიდობო ძალისხმევის წარმატება სიგნალია, რომ რუსეთზეც შეიძლება განხორციელდეს საჭირო ზეწოლა აგრესიის შესაჩერებლად.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, როგორ შეიძლება, ამერიკის ნაბიჯებმა, ევროპის ნაბიჯებმა, ჩვენი სხვა პარტნიორების ნაბიჯებმა და ჩვენმა ნაბიჯებმა აქ, უკრაინაში, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს. ამერიკის ლიდერობა, პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობა, მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×