რეზონანსი
07.10.2025

 პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ პირს, - ინიციალებით ბ.ჭ., რომელიც, სუს-ის ინფორმაციით, დივერსიას გეგმავდა.

მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისთვის წარედგინა ბრალი.

სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ამ მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა შემდეგი იარაღი და საბრძოლო მასალა: ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი, ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი". გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერს ის მალავდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

"რუსთავი 2" აღნიშნულ საკითხზე, ბრალდებულის ინტერესების დამცველს ესაუბრა.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქართველოში არ არის გადაღებული ვიდეო, რომელიც ბ.ჭ- ს ტელეფონიდან ამოიღეს. ვიდეოში ბრალდებული დამკვეთს დეტალურად აცნობს, რომ საბრძოლო მასალა, დიდი ოდენობით იარაღი ადგილზეა და "არ უნდა ინერვიულონ".

"აღნიშნული იარაღები მისი არ არის, აქედან გამომდინარე, ბრალდება, რაც წაყენებული აქვს ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის მისი იარაღი. ასევე, ერთ-ერთი ეპიზოდი, ვიდეო არ არის საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის საქართველოში, ის არის მებრძოლი და იბრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ".

თქვენ ამბობთ, რომ ვიდეო საქართველოს ტერიტორიაზე არ არის გადაღებული, თუ შეგიძლიათ გვითხრათ სად არის და ასევე, თქვენ ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, ვიდეოსთან დაკავშირებით?

"ვადასტურებ, რომ არ არის გადაღებული ჩვენს ქვეყანაში, მომავალში მოგაწვდით მაგ ინფორმაციას. საქმის მასალები დღეს გადმომეცა, ვეცნობი და ზუსტ ინფორმაციას, თუკი იქნება დაინტერესება ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად მოგაწვდით.

საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, ამას თუ შეიძლება ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში არ არის".

აპირებს თუ არა, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს შესაბამის უწყებებს დეტალური ინფორმაცია?

"ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით ვერაფერს. მე პირადად მასთან არ მაქვს კომუნიკაცია, მაქვს მხოლოდ მისი ოჯახის წევრებთან, ამიტომ, ვინ რას გადაწყვეტს, ვერ გეტყვით. მითუმეტეს, საქმის მასალები ახალი გადმოცემული მაქვს და შესწავლის სტადიაში ვარ. დანარჩენს ვერ გეტყვით საქმის ინტერესებიდან გამომდინარე"- აცხადებს ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×