
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უწყებაში იგეგმება ბრიფინგიც, თუმცა ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტული დრო.
სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბერს, თბილისში ორბელიანის სასახლესთან განვითარებულ პროცესებს.
როგორც ცნობილია, საქმეზე დაკავებული არიან მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელთა სასამართლო პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.