
ლელო-ძლიერი საქართველო 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. რიგი პარტიების, თუ ცალკეული პოლიტიკოსების გამუდმებული მოწოდება-აგიტაცია, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინა, არ დაეფიქსირებინათ თავისი საპროტესტო ხმა არჩევნებზე, პირდაპირ მოემსახურა ქართული ოცნების გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებისა და მერების დონეზე. შედეგად, დღეს თბილისს ჰყავს ქალაქის 20%-იანი მერი.
დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ყოველთვის გადიოდა საარჩევნო ბრძოლასთან ერთად მშვიდობიან პროტესტზე, იყო ყველაზე სწორი პოზიციონირება და გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, მათ შორის, უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტის გასაძლიერებლად.
ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაჩვენებელი გააორმაგა და გაყალბების მიუხედავად, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე 100 000-მდე ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით. ვწუხვართ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ ბოიკოტის უკუშედეგში, რაც ივანიშვილისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაჩენილმა საარჩევნო ნიჰილიზმმა გამოიწვია". - წერს კოალიცია.
ლელოს განცხადებით, ისინი მშვიდობიანი პროტესტის მხარდამჭერები არიან.
„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ - ბოიკოტის მომხრე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ავანტიურა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მშვიდობიან პროტესტს. აქვე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მშვიდობანი პროტესტი მაინც გაგრძელდა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერი [...]
ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ამისთვის, ვიწყებთ თბილისსა და რეგიონებში ჩვენს ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას. ვრჩებით საშტაბო რეჟიმში, რათა მოვახდინოთ ძალთა სრული კონსოლიდაცია და კიდევ უფრო ქმედითად დავუპირისპირდეთ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორივე პოლიტიკურ პოლუსს - ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ორპოლუსიანობაზე დგას სწორედ ივანიშვილის რეჟიმი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ე.წ. ქოც-ნაცური ორპოლუსიანი ველის გარდა, არსებობს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს პროევროპელი მოსახლეობის 80 %-ის ნებას და შესწევს უნარი პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში აღების. სწორედ ამიტომ გახდა ლელო-ძლიერი საქართველო ამ ორი ძალის სამიზნე". - წერია განცხადებაში.