
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო მთავრობას საპენსიო ასაკის 73 წლამდე აწევას სთავაზობს, რათა ქვეყანამ საპენსიო სისტემის კოლაფსი თავიდან აიცილოს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
საბჭოს წევრებმა სპეციალური ანგარიში მოამზადეს, სადაც აღნიშნულია, რომ რეფორმების გასატარებლად დრო პრაქტიკულად აღარ არის. მათი აზრით, გერმანიის ეკონომიკა წლებია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის, ხოლო დემოგრაფიული ვითარება უარესდება.
„თუ ჩვენ სოციალური უზრუნველყოფის მოცულობის შენარჩუნება გვსურს ისე, რომ მომავალ თაობებს არ ავკიდოთ ეს ტვირთი, მეტი უნდა ვიმუშაოთ. საპენსიო ასაკი სიცოცხლის ხანგრძლივობას უნდა მიებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მაგალითის სახით ექსპერტებს დანია მოჰყავთ, სადაც საპენსიო ასაკი დემოგრაფიული მაჩვენებლების გათვალისწინებით 2006 წლიდან რეგულარულად იცვლება. 2040 წლისთვის ის 70 წლამდე გაიზრდება, ხოლო 2060 წლისთვის - 73 წლამდე.
ცნობისთვის, გერმანიაში საპენსიო ასაკი 67 წელს შეადგენს მათთვის, ვინც 1964 წელს დაიბადა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც 45-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ, პენსიაზე გასვლა 63 წლის ასაკში შეუძლიათ.