რეზონანსი
06.10.2025

რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“.

„გასული წლის დეკემბერში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაგრძო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინსიგნიის, პრეზიდენტის შტანდარტის უკანონო გამოყენება, ანუ იმ დროშის, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს აქვს. ზურაბიშვილი ამ სიმბოლოს ყველგან თან დაატარებს, მედიასთან კომუნიკაციის თუ ზოგიერთი შეხვედრის დროს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თვითმარქვია პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ამ ექსკლუზიური სიმბოლოს გამოყენება უცხო ქვეყნის ზოგიერთ ელჩთან შეხვედრისას. რა თქმა უნდა, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია. ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ამგვარი შემგუებლობა რადიკალებისა და ექსტრემისტების წახალისებას ემსახურება, თუმცა, უშედეგოდ. მათ ან ვერ გააცნობიერეს თავიანთი როლი, თუნდაც ამ გამიზნულ სიმბოლური აქტის ვერშემჩნევით, რადიკალიზმის წახალისებაში, ან მიზანმიმართულად იყვნენ ამის მონაწილე. ფაქტია, რომ ამ ორიდან, არცერთი ვერსია მათზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ასეთმა მიდგომამ უბიძგა ექსტრემისტებს, გაეკეთებინათ ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა მიზანში ამოიღეს პრეზიდენტის სასახლე, ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ, თვეების განმავლობაში, მისი, როგორც საქართველოს „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას კი, როგორც ჩანს, თავისი როლი უნდა ეთამაშა, გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით „რევოლუცია“ დაეწყოთ. ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს, ამ მომენტამდე, არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიზიარონ მომხდარზე პასუხისმგებლობა, რადგან, მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×