
სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა აქციის დროს დამწვარი ერთ-ერთი კაფის მეპატრონე თეკლა თოდუა. ახალგაზრდა ქალმა, რომლის ობიექტიც ათონელის ქუჩაზე მდებარეობს, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ისაუბრა აქციის მონაწილეების მხრიდან ვანდალიზმის ფაქტებზე. "ფეისბუქში" მისი მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარი დაიწერა.
"ასე გამოიყურება ჩემი კაფე გუშინდელი ღამის შედეგად. აქციის მონაწილეებმა ხელიდან გამოგვგლიჯეს ყველაფერი და დაგვიწვეს. ეს არ იყო უბრალოდ ავეჯი, ეს იყო ჩვენი ნაშრომი, ნაწვალები, რომელიც წლების განმავლობაში ვაშენეთ.
წარმოიდგინეთ, კაფეში ხართ და უცბად მორბის ბრბო, ყველაფერს იღებს და ცეცხლს უკიდებს. საერთოდ ყველაფერი განადგურებულია, რაც გაგვაჩნდა.
ხალხო, ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ეს არის ვანდალიზმი და ბოროტება. მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ დავდგები იმ ხალხის გვერდში, ვინც ზუსტად ასეთ რაღაცებს სჩადის. არავის აქვს უფლება, რომ სხვის ქონებას ასეთი ზარალი და ზიანი მიაყენოს.
წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს ვუყურებდი ჩემი თვალით და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ხალხი იყო გაცხოველებული, ადამიანებს არ ჰგავდნენ.
ზარალი არა მარტო ჩვენს კაფეს მოადგა, აქ ძალიან ბევრი კაფეა დამწვარი და ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი შრომა ჰქონდათ ჩადებული თავიანთ ბიზნესში, დღეს უკვე არაფერი გააჩნიათ", - აცხადებს კაფის მფლობელი თეკლა თოდუა.