
პოლონელი დეპუტატი კრიშტოფ მულავა საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში X გამოქვეყნებულ სტატუსში ის აღნიშნავს, რომ შარშან ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. მისი თქმით, მაშინაც იყო საუბრები საქართველოს რუსეთთან დაახლოებაზე და რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევაზე.
მულავას თქმით, ის აკვირდებოდა საარჩევნო უბნებს დედაქალაქში, პატარა ქალაქებში და მთის სოფლებში და არა თუ არ უნახავს ასეთი ჩარევის ნიშნები, არამედ არც სხვა დამკვირვებლებისგან სმენია არაფერი.
„გუშინ ქართველები ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევდნენ. როგორც ეს კავკასიისთვის არის დამახასიათებელი, არჩევნებს ხმაურიანი პროტესტებისა და ყველა მხრიდან მომდინარე პროპაგანდის გარეშე არ ჩაუვლია. მივცეთ ქართველებს საშუალება, აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება საერთაშორისო რეალობის მათი აღქმის შესაბამისად - კავკასიაში სიტუაცია დინამიკურია, რუსეთი მუდმივად განიხილავს ამ რეგიონს, როგორც თავისი გავლენის „ბუნებრივ“ სფეროს, ხოლო ევროკავშირი ცდილობს ქართველი ერი თავისკენ მიიზიდოს. დიახ, საქართველო არის ველი, რომელზეც ყველა ისურვებდა საკუთარი გავლენის დათესვას“, - წერს მულავა.