
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებით სარგებლობს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ლევან ყველაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, მეტ დეტალზე საუბარს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეძლებს.
"რაც შეეხება პოზიციას, დუმილის უფლებას იყენებს. უფრო მეტ დეტალს მას შემდეგ გეტყვით, როცა მტკიცებულებები გადმოგვეცემა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ექიმი არ ვარ ზედმიწევნით სწორად შევაფასო მისი მდგომარეობა, – აცხადებს ლევან ყველაშვილი.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად),
225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ), რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება წარედგინა 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ასევე 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება წარედგინა მხოლოდ 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.