
„ძალიან ბევრი ავტომობილი შემოვიდა - ვერავის ავუკრძალავთ, რომ არ შეიძინონ ავტომობილი და არ გადაადგილდნენ“ - ზურა აგლაძე„ძალიან ბევრი ავტომობილი შემოვიდა - ვერავის ავუკრძალავთ, რომ არ შეიძინონ ავტომობილი და არ გადაადგილდნენ“ - ზურა აგლაძე
„ქვეყანაში ძალიან ბევრი ავტომობილი შემოვიდა - ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ, რომ არ შეიძინონ ავტომობილი და არ გადაადგილდნენ“, - ამის შესახებ „საქართველოს ტაქსების ფედერაციის“ დამფუძნებელმა ზურა აგლაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში „კატასტროგული“ საცობები არ არის. მანვე აღნიშნა, რომ არსებული საცობების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ესტაკადების მოწყობა, თუმცა ამის რესურსი საქართველოს არ აქვს.
„ვისაც აქვს საშუალება, რომ რეგისტრაცია გაიაროს, ლიცენზია აიღოს, ჰყავს ახალი და მოწესრიგებული მანქანა, ის ტაქსის მძღოლები დადიან „ბასლაინებზე“ და ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ბოდიში, და რაც აქვთ იმით მოძრაობენ და მათ მოუწევთ თუ არა საცობში დგომა, ეს მათი პრობლემაა.
ქვეყანაში ძალიან ბევრი ავტომობილი შემოვიდა. გატარდა რეფორმები და ცა და დედამიწაა იმასთან შედარებით, რაც წინა წლებში იყო - ახალმა ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა შეცვალა გარემო. მიუხედავად რეფორმებისა, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რელიეფი არის რთული, მდინარის გასწვრივ არის ქალაქი გადაჭიმული, მთაგორიანი ტერიტორიაა და ვიწრო ქუჩებია. ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ, რომ არ შეიძინონ ავტომობილი და არ გადაადგილდნენ.,
ჩვენთან კატასტროფული საცობები არ არის. გასაგებია, რომ ქართველებს კომფორტი და სწრაფად მისვლა გვიყვარს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ შეიქმნას დამატებითი გზები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ჩინეთში. იქ არის ესტაკადები, რომლებიც გადადის გადატვირთულ მაგისტრალებზე. თუმცა ამას უნდა დიდი ფულადი რესურსი და ამის საშუალება ჩვენს ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ზურა აგლაძემ.