
საქართველოს მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ტიპის სოციალური პროგრამა აქვთ და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება თუ წახალისებაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება. მსგავსი ინიციატივები ყველა მოქალაქისთვის საინტერესო იქნება, რადგან სასურველია, ყველა მუნიციპალიტეტმა იაქტიუროს და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების, დასაქმების და ყველა საჭიროებით უზრუნველყოფის პროცესში სრულად ჩაერთონ.
ამჯერად თიანეთის მუნიციპალიტეტით დავიწყებთ, სადაც, მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესში და 2025 წლის 28 მარტის დადგენილებით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხოთ ახალდაქორწინებულ წყვილებს. რომელთაც მანამდე 500 ლარი გადაეცემოდათ, ამ წლის აპრილიდან კი - 5000 ლარი.
დადგენილების შედეგად, ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარებები ეხებათ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლ ბავშვებს, 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ახალდაქორწინებულებს და ა.შ. ნაგულისხმევია დახმარება მედიკამენტებითაც და ფულადი დახმარებებიც - ერთჯერადი და ყოველთვიური.
მაგალითად, ახალშობილთა ოჯახების დახმარებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
მუხლი 16. ახალშობილთა ოჯახების დახმარება:
1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახალშობილის შეძენის შემთხვევაში (ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში) მიიღებენ ოჯახები, თუ ბავშვის მშობლები ორივე არის რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში) .
2. პირველი შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. მეორე შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მესამე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას დახმარების თანხა გაიზრდება 1500 ლარით (მესამე შვილი – 4500 ლარი; მეოთხე შვილი – 6000 ლარი და ა.შ.).
5. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 17. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილის ოჯახი, როდესაც ორივე მშობელი რეგისტრირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში), ყოველთვიურად ბავშვის 1 წლის ასაკამდე მიიღებენ ფულად დახმარებას (განცხადებით მომართვა შესაძლებელია ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში):
ა) პირველი შვილის შეძენისას 150 ლარი;
ბ) მეორე შვილის შეძენისას 300 ლარი;
გ) მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ყოველთვიურად გასაცემი თანხა გაიზრდება 150 ლარით (მესამე შვილი – 450 ლარი; მეოთხე შვილი – 600 ლარი და ა.შ.).
mshoblebi.ge