რეზონანსი
05.10.2025

ღობე, რომელზეც დღეს ყაველაშვილი საუბრობდა დიდი გულისტკივილით და მოთქმით, უცებ ჩამოვარდა, უცებ მოხდა მისი მოხსნა - რაღაცნაირად სატყუარას ჰგავდა, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ 4 ოქტომბერს ორბელიანების სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ საჭიროა ექსპერტიზა და ასევე, კარგად შესწავლა იმისა, რატომ იყო ორბელიანების სასახლის შიდა ეზოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი.

„ორბელიანების სასახლის ეზოში იყო მხოლოდ დაცვა, არ იდგა არავინ დამატებითი ძალების სახით. ძალიან დიდი აქციაა ახლოს, ქუჩაში გამოსულია ასი ათასი ადამიანი და ამ დროს ყველა ახლომდებარე სახელმწიფო დაწესებულება, როგორც წესი, დაცული უნდა იყოს. სივრცეში, სადაც ადამიანები შევიდნენ, ჩანდა, რომ იყო მხოლოდ შიდა დაცვის სამსახური. ღობე, რომელზეც დღეს ყაველაშვილი საუბრობდა დიდი გულისტკივილით და მოთქმით, უცებ ჩამოვარდა, უცებ მოხდა მისი მოხსნა. ბევრმა იცის, სასახლეს როგორი მყარი გალავანი აქვს, ასე იოლად ის არ ირღვევა. ბევრი ადამიანი არ იყო შიგნით შესული. რაღაცნაირად სატყუარას ჰგავდა. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ხელოვნურად იყო დატოვებული ღობის იმიტაცია. ამას სჭირდება ექსპერტიზა, კარგად შესწავლა, როგორი იყო გარე პერიმეტრი, რატომ იყო შიდა ეზოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ იყო არც საპატრულო პოლიცია და არც სპეცრაზმის წარმომადგენელი, იყო სახელმწიფო დაცვა. ისე ჩანდა, რომ თითქოს პროვოცირება გაუკეთეს, რომ შიგნით შესულიყვნენ ადამიანები და დაფიქსირებულიყო, რომ ეს იყო სასახლეში შეჭრა.

მე საერთოდ ვერ გავიგე, რატომ წავიდნენ, რა შუაში იყო პრეზიდენტის სასახლე. მართალი გითხრათ, ლოგიკა ვერ დავინახე აქ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ბუტაფორიული შინაარსის მატარებელი შენობა და მისი დღევანდელი -პოლიტიკური დატვირთვა როგორ შეიძლება აღიქვა, რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×