რეზონანსი
05.10.2025

ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების­ მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.

„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.

რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

ამასთან, კალასი და კოსი არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, აღინიშნება, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოუწოდებენ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×