
ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის ქმედებები, რომელიც განხორციელდა მედიის წარმომადგენლების მიმართ აქციის მონაწილეების მხრიდან დაუშვებელია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა სრულად ეკიპირებული პირი - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის გამზადებული ადამიანები. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი, როგორც ეს აშშ-ში ფასდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს სწორედ ის აქტივისტები არიან, რომლებიც სხვადასხვა უცხოელებთან ღონისძიებებში იღებენ ხოლმე მონაწილეობას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს აქვს ყველა აღჭურვილობა იმისთვის, რომ გამოავლინოს შენიღბული მოძალადე.
„ყველას მიწვდება სახელმწიფო ვინც ჩვენს ქვეყანას 90-იანებში აბრუნებდა, არავის ეპატიება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან დაშავებულ პოლიციელებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავების მდგომარეობით არც კი დაინტერესებულან ოპოზიციური არხები. შალვა პაპუაშვილის თქმით, არც ერთი ელჩი არ დაინტერესებულა ასევე, პოლიციელების მდგომარეობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.