
არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„სიმბოლურია, რომ გუშინ, სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა. სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა.
დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლისღვრის მოლოდინში, კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც მაიდანიზაციის გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა.
დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო" , - აღნიშნა პაპუაშვილმა.