
გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყურადღება გადაგვატანინოს გუშინდელი შეკრების ბუნებისგან. საზოგადოება გათამაშებულ მიამიტობას აღარავის გაუტარებს. არც ქართველს და არც უცხოელს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც. გუშინ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა კარგად იცოდა, თუ სად მივიდა და რას აკეთებდა.
ეს ის საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც 2022 წლის მარტში, იმავე ადგილიდან, უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა, ვინც 2022 წლის ივნისში, იმავე ადგილიდან, ხელისუფლების უცხოური „ენჯეოებისთვის" გადაცემას ცდილობდა, ვინც 2023 წლის მარტში, იმავე ადგილზე, პირველი „მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, ვინც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებში დამარცხდა და მარცხის მიღების ნაცვლად ისევ ქვეყნის არევის წარუმატებელი მცდელობა წამოიწყო. ეს ის, სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის", - აღნიშნა პაპუაშვილმა.