რეზონანსი
05.10.2025

ვინც მონაწილეობდა ძალადობაში უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებს ბევრი დღე არ დასჭირდებათ კანონის აღსასრულებლად.

"ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელოდება მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. 

იყო ძალადობა, მათ შორის მონაცემებიც მინდა, გაგაცნოთ. კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 15 პოლიციელს და აქციის 6 მონაწილეს. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×