რეზონანსი
04.10.2025

ძალიან არ მომეწონა და არ მესიამოვნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც ერთგვარი სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ახლა თითოეულ განცხადებას იმისთვის, რომ რეჟიმმა ეს არ გამოიყენოს ოპოზიციისა და საპროტესტო საზოგადოების შიგნით შუღლის გასაღვივებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, ერთიანობის გარეშე ყოველთვის მოიგებს ბიძინა ივანიშვილი და ყოველთვის დაქსაქსული იქნება ოპოზიცია.

„განსხვავებული მოლოდინები არსებობდა, თავად აქციის ორგანიზატორს და სხვებს შორის. აქციის ორგანიზატორი იყო და არის სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“, რომელსაც თავისი წევრები, ლიდერი ჰყავს. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს ოფიციალური განცხადებით, რა თქმა უნდა, ვუერთდებოდით და ვუერთდებით, მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პროტესტს, იმიტომ რომ მის მთავარ მიზნად ვასახელებდით რუსულ სპეცოპერაციას, რასაც არჩევნებს ეძახდა ბიძინა ივანიშვილი, არ შემდგარიყო, ბევრი ადამიანი მდგარიყო აქ, რუსთაველის გამზირზე.

მე გულწრფელი უნდა ვიყო, ამ აქციას ჰყავდა კონკრეტული ორგანიზატორი, რომელთაც კონკრეტული გეგმა ჰქონდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და არის, ამ თვალსაზრისით ეს ამოცანა მნიშვნელოვან წილად შესრულებულია, ძალიან ბევრი ადამიანი გამოსულიყო რუსთაველზე, ამას ვუსვამდით ხაზს.

ახლა რეჟიმს უნდა, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალება დააბრალონ კონკრეტულ ადამიანებს და არამხოლოდ დააკავონ კონკრეტული ადამიანები, არამედ სხვები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, დააპირისპირონ მათთან და ზოგიერთის მხრიდან ტაშის დაკვრაც კი მოიპოვონ.

ძალიან არ მომეწონა და არ მესიამოვნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც ერთგვარი სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ახლა თითოეულ განცხადებას იმისთვის, რომ რეჟიმმა ეს არ გამოიყენოს ოპოზიციისა და საპროტესტო საზოგადოების შიგნით შუღლის გასაღვივებლად. ახლა ამას ეცდება რეჟიმი, დამერწმუნეთ. დღესაც გაემიჯნა პროცესს... რა მარტივია, უკაცრავად, მეც რომ გამოვიდე და მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია... ეს უნდა გავაკეთოთ დღეს ოპოზიციურმა ლიდერებმა? რაღაც წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს, ვინც დღეს აქ ვდგავართ, მაგრამ მთავარზე გვაქვს ასევე პასუხისმგებლობა და მე პირადად ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რასაც ყოველთვის ვამბობდი - ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ვამბობდი, 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, ბევრნი გამოვიდეთ და არ წავიდეთ რუსულ სპეცოპერაციაზე, რასაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, რომ არ მივცეთ ლეგიტიმაცია.

დღეს არაფერი არ მთავრდება, მაგრამ დამთავრდება იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს დავერევით, თუ ერთმანეთს დავჭამთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად დამთავრდება. ნიშნის მოგებით კი არ უნდა გვესაუბროს ახლა ან სალომე ზურაბიშვილი ან ნებისმიერი მათგანი. უნდა გავერთიანდეთ, გაერთიანების გარეშე ყოველთვის მოიგებს ივანიშვილი, ყოველთვის დაქსაქსავს ოპოზიციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×