
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში მხარდამჭერებთან გამოსვლისას.
მისივე თქმით, „აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა და ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი“.
„ვინც ერკვევით პოლიტიკაში, არ ჩამოვთვლი და არც არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში.
ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებს კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი. აი, ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს. საშინელი დაპირისპირებებია, აღრევა ერების ერთმანეთში და ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.
მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ რამეს, ყველაზე ნიჭიერება ქართველი ერის ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ უდგა და ვინც ზურგს უმაგრებდა. თავში ყველას გვეგონა, ნუ რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“. არაფერ შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. მე არ მინდა, რომ კონკრეტიკაზე გადავიდე, დღეს აქ გავჩერდები.
უნიჭიერესი ერი ვართ, უნიჭიერესი ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით, ჩვენ ჩვენი ერთობით მოვახერხეთ და გავისტუმრეთ. ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. დღეს, გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი შეიძლება ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს. მხოლოდ თქვენზე გადის გზა, იცოდეთ. მხოლოდ საზოგადოებაზე“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.