
დღეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვების დროს რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით, დავიწყეთ დილაადრიან საარჩევნო უბნების გახსნამდე, დავრწმუნდით, რომ ყველაფერი მზად იყო. ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა. საარჩევნო უბნები და პერსონალი სათანადოდ იყო მოწესრიგებული, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტარმა ადრიაშ ლასლომ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კეთილსინდისიერება უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული.
„პერსონალმა იცოდა, როგორ უნდა ემუშავა. იყვნენ ადგილზე ადგილობრივი დამკვირვებლებიც. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება საერთო ჯამში. შეგვიძლია, ვთქვათ ძალიან გულახდილად, რომ საარჩევნო კეთილსინდისიერება უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული და ქართველ ხალხს შეუძლია, იყოს დარწმუნებული, რომ დღევანდელი არჩევნების გამარჯვებული არიან სწორედ ის ადამიანები, ვისაც ხმას მისცეს. დაცული იყო კენჭისყრის ფარულობა. ელექტრონული აღჭურვილობა იყო გამართული, ყოველთვის მუშაობდა, არ იყო არანაირი სირთულეები. ჩვენ ვესაუბრეთ საარჩევნო კომისიის პერსონალის წარმომადგენლებს სხვა დამკვირვებლებთან ერთად და მათაც ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა დღევანდელი არჩევნები, რომელსაც დავაკვირდით“, – განაცხადა ლასლომ.