
დღეს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არ ვუპასუხებ, მაგრამ ვიტყვი, რომ 5 ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბრებთ უფრო ნათლად, მკაფიოდ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „პოლიტიკურ პარტიებს ურჩია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, ისინი კი, ვინც ამ არჩევნებში კენჭს იყრის, მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე იღებს მონაწილეობას“.
„ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის იმის მოსმენა, ვის რა პოზიცია ჰქონდა კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ძალიან შეგნებულად შევიკავეთ თავი 5 ოქტომბრამდე მთელი რიგი ამბების გამჟღავნებისგან, ჩვენ არ დავესხით თავს კოლეგებს, რადგანაც ბევრი მათგანისგან განსხვავებით, მეტი წინდახედულობა გაგვაჩნია და გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევის გაღება, მაგრამ 5 ოქტომბრის შემდეგ უფრო მეტ ამბავს მოეფინება ნათელი, მეტი სიცხადე შემოვა და მერწმუნეთ, ეს სიცხადე იქნება მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიცია ჰქონდა არჩევნებზე, გაიგებთ ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა. ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებს საზოგადოება პარტიებზეც და არაპარტიულ აქტორებზეც, რა საუბრები იყო, ვინ რას ემხრობოდა, ვინ რას შეუშალა ხელი და ვინ შეუწყო. მათ შორის სალომე ზურაბიშვილზეც.
ჩვენ გავუფრთხილდით პროცესს და ერთიანობის სულისკვეთებას. ამას ყოველთვის გავუფრთხილდებით, რადგან ვიცით, რომ ივანიშვილს შეცვლის საერთო ძალისხმევა, მაგრამ ამავე დროს, ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. მათ შორის სულ რაღაც ერთი, ორი თუ სამი თვის წინ ადამიანების გამოთქმულ სურვილებსა და პოზიციებს“, – განაცხადა გეგელიამ.