
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე, როგორც, სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა თვითდისკრედიტაციას მიჰყო ხელი უკვე რამდენიმე წელია. ასეთი ტიპის საპარლამენტო ასამბლეებზე მიიღება ისეთი ტიპის რეზოლუციები, რომელიც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება არა მარტო ქართულ ტრადიციებს, ზოგადად, ქრისტიანულ ტრადიციებს, რაზეც დგას ქართული და ევროპული ღირებულებები," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს დაგეგმილი დოკუმენტის მიღებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, რეზოლუცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ევრობიუროკრატიაში სერიოზული კრიზისი არსებობს.
"როდესაც ამ რეზოლუციაში ჩაწერენ, რომ თურმე საერთაშორისო ინსტიტუტები ყოველკვირეულად ცდებიან, როცა აფასებენ, რომ დემოკრატია წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, გამჭვირვალობა საჭიროა, მთავრობის ნდობის ხარისხით წინ მიდის ქვეყანა, ამ დროს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამბობს, რომ საქართველოში არის რთული სიტუაცია, ეს ხომ დისკრედიტაციას ნიშნავს საკუთარივე ევროპის ინსტიტუტების. შესაბამისად, სამწუხაროა, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია უკვე, რასაც ამერიკის პრეზიდენტიც კი ამბობს, რომ სერიოზული კრიზისი არსებობს ევრობიუროკრატიაში," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.