
პირველი არხის ეთერში 2025 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები დღეს გაიმართება.
დებატებში შემდეგი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას:
„ენა მამული სარწმუნოება“ – თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1);
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3);
„თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7);
„პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8);
„ძლიერი საქართველოსთვის – ლელო“ – ირაკლი კუპრაძე (სარჩევნო ნომერი 9);
„საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11);
„მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12);
„გირჩი“ – იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36);
„ქართული ოცნება“ – კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41).
რაც შეეხება დებატების ფორმატს, ის ექვსი რაუნდისგან შედგება.
პირველი რაუნდი მონაწილეთა მისასალმებელ სიტყვებს ითვალისწინებს, რომლისთვისაც ერთი წუთია გამოყოფილი. გამომსვლელთა რიგითობა განისაზღვრება საარჩევნო ნომრით, ყოველ შემდგომ
რაუნდზე ბიჯი გადაინაცვლებს რიგით შემდგომ გამომსვლელზე.
მეორე და მესამე რაუნდი ითვალისწინებს წამყვანის კითხვას მონაწილეების მიმართ. პასუხებისთვის
განსაზღვრულია ორ-ორი წუთი.
მეოთხე რაუნდი დაეთმობა ოპონენტების კითხვებს ერთმანეთის მიმართ. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან ერთი კითხვა. კითხვის ადრესატს შეარჩევს თავად კითხვის ავტორი. კითხვის დასმისთვის განსაზღვრულია 30 წამი, პასუხისთვის კი განსაზღვრულია ორი წუთი (კითხვა-პასუხის შემდეგ, ავტორსა და მოპასუხეს რეპლიკისა ან კითხვის დაზუსტებისთვის და შესაბამისად, ამ რეპლიკაზე რეაქციისთვის ექნებათ 30-30 წამი).
მეხუთე რაუნდი გულისხმობს წამყვანის შემაჯამებელ კითხვას მონაწილეებისადმი. პასუხებისთვის
განსაზღვრულია ორ-ორი წუთი.
მეექვსე რაუნდში მონაწილეები მიმართავენ ამომრჩეველს. აღნიშნულისთვის გამოყოფილი იქნება ერთი წუთი.
დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო თარგმანით. ის ასევე გადაიცემა საქართველოს რადიოს ეთერში და პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე. წინასაარჩევნო დებატები გაიმართება ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია.
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები პირველ არხზე დღეს, 22:00 საათზე დაიწყება და მას გიორგი გვიმრაძე გაუძღვება.