
შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან, დიდად არ მაინტერესებს, ზოგიერთები რას იტყვიან ჩვენ შესახებ, ჩვენი საქმეა, ვიზრუნოთ ქვეყანასა და ხალხზე, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სერბეთმა საქართველოსთან უნდა გაზარდოს ეკონომიკური თანამშრომლობის დონე.
„მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან, პრეზიდენტ ყაველაშვილთან, რომელსაც ახლახან ნიუ იორკში შევხვდი. გუშინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გვერდით ვიჯექი და კარგი საუბრები გვქონდა. დღეს განვაგრძობთ განხილვას მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაქვს ზოგიერთი ქართული ინიციატივა, რომელიც უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და გავცეთ პასუხები, მაგრამ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე. დღევანდელ მსოფლიოში ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და ძალიან ცოტა ადამიანს სურს მეორე მხარის მოსმენა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, ყველას მოვუსმინოთ და ვიმედოვნებთ, ქართული მხარეც ამავეს აკეთებს. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს, რას იტყვიან ზოგიერთები ჩვენ შესახებ. ჩვენი საქმეა, ვიზრუნოთ ქვეყანასა და ხალხზე“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დანიის დედაქალაქში იმართება. სამიტში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.