
"ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, "დაჩმორება", დამცირება და დამარცხება შეუძლებელია" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ავრცელებს.
დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოს მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოს დროშა აიღონ და 4 ოქტომბერს, რუსთაველზე გაერთიანდნენ.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული თავისუფლების მოედანზე - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ.
4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი.
ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და ვალდებულები ვართ გავიდეთ რუსთაველზე.
ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, "დაჩმორება", დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.
ქრისტიანული, ქართული, ევროპული, ღირებულებები არ დგას ბოროტებაზე, დაყოფაზე, გახლეჩაზე და ადამიანის ჩაგვრაზე. პირიქით! ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები, დამყარებულია სიყვარულზე, სოლიდარობაზე, სიკეთეზე და ერთმანეთის მხარში დგომაზე.
ჩვენი ვალია ერი და ბერი გაერთიანდეს, დავასრულოთ საქართველოს და ქართველი ხალხის დაყოფა, გახლეჩა.
4 ოქტომბერს, რუსთაველზე ვერთიანდებით სრულიად საქართველო და ვიმარჯვებთ.
ღმერთმა დალოცოს საქართველო," - წერს ლევან ხაბეიშვილი.