რეზონანსი
01.10.2025

პარტია „გირჩი–მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას, თქმით, მისი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

ასევე მისი თქმით, დაკავების ოქმში არასწორად არის მითითებული დაკავების დრო.

ხასაიას თქმით, განყოფილებაში ორჯერ გააშიშვლეს, ასევე პოლიციელებმა დამცინავი დამოკიდებულება და მუქარა გამოხატეს.

“დაკავების დრო არის არასწორი. დაახლოებით 10-11 საათი იყო, როდესაც სახლთან ამიყვანეს. არაადამიანური მოპყრობა დაკავების შემდეგაც მოხდა....

როგორ მოხდა დაკავება. აქციიდან წამოვედი , დაახლოებით 21:30 საათზე. ჩავედი მეტროში და ამოვედი “სადგურის მოედანზე” - დადიანის ქუჩისკენ. როგორც კი გადავედი გზაზე, მაღაზიაში შევედი. გამოსვლისას ჩემს წინ გაჩერდა “შკოდის” მარკის ავტომობილი. ჩემ ირგვლივ გაჩნდა 10 -მდე ადამიანი. ერთმა მაჯაზე მომკიდა ხელი, ტელეფონის წართმევას ცდილობდა. მოვასწარი მობილურზე ბლოკის დადება. ამის შემდეგ შევწყვიტე წინააღმდეგობა. მათ არ განუმარტავთ ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ისე ჩამტენეს მანქანაში.

მანქანაში მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ერთ-ერთი ვიცანი აქციებიდან. მან მითხრა: “ხომ დაგპირდი სისხლით დაგიჭერთო და აგისრულეთო”. არ მახსოვს ამ ადამიანის სახლელი, მაგრამ გავარკვევ.

ჩემი აზრით, განყოფილებაში ვიყავი მარჯანიშვილის ტერიტორიაზე. შიგნით შემიყვანეს, სადაც 20 - მდე პოლიციელი იყო. არ მეუბნებოდნენ რასთან დაკავშირებით, რაზე [დამაკავეს], მეც აზრზე არ ვიყავი მანდ რაზე ვიყავი. გამაშიშვლეს. მეგონა, ამით მორჩა. ისევ იგივე გააკეთეს, ოღონდ სხვა ოთახში. იყო დამცინავი საუბრები. ახსენებდნენ მზია ამაღლობელს. ასევე, მიხსენებდნენ ჩემ მეგობარ, საბა სხვიტარიძეს. მეუბნებოდნენ, ორივე მოძალადეები ხართო.

ინფორმაციის მიწოდებას მთხოვდნენ. როცა მიხვდნენ, რომ არაფრის თქმას ვაპირებდი, სხვა ოთახში გამიყვანეს. იქ იყო ერთი პოლიციელი და გამომძიებელი.

მითხრეს, რომ დაკავებული ვარ 120-ე მუხლის მეორე ნაწილით”, - განაცხადა ხასაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×