რეზონანსი
30.09.2025

ვაშინგტონის სამშვიდობო პროექტი 20 პუნქტისგან შედგება. წინადადებაში წერია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, "ჰამასმა" ძალაუფლება უნდა დათმოს და ისრაელელი მძევლები გაათავისუფლოს, საპასუხოდ ისრაელის საპატიმროებს დატოვებენ პალესტინელი პატიმრები, ღაზის ტერიტორიიდან ეტაპობრივად გავა "ცახალიც". სექტორის მართვას დროებითი მთავრობა ჩაიბარებს, საზოგადოებრივ წესრიგს კი საერთაშორისო ძალები დაიცავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმას ეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშვიდობო წინადადების პირობები თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განიხილეს. ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" მიმართეს და პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდეს.

ტრამპის გეგმას მიესალმებიან არაბული და ისლამური სახელმწიფოები, რვა ქვეყნის ერთობლივი განცხადება დღეს გავრცელდა. წინადადებას მხარს უჭერს გაერო, ევროკავშირი და ევროპის სახელმწიფოების ნაწილიც, მათ შორისაა პარიზი, ლონდონი, რომი, მადრიდი და ბერლინი.

გეგმის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში ღაზას მართვას პალესტინელებისგან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომიტეტი ჩაიბარებს, რომლის თავმჯდომარედ დონალდ ტრამპი სახელდება.

ტრამპის წინადადება, კატარელმა და ეგვიპტელმა მომლაპარაკებლებმა "ჰამასის" წარმომადგენლებს გადასცეს. ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ გეგმა ისრაელის მხარეს უპირატესობას ანიჭებს, საბოლოო პასუხისთვის კი პროექტის წერილობითი ვერსია მოითხოვეს.

კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულების არაერთი საერთაშორისო ინიციატივის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში ომი ორ წელზე მეტია გრძელდება. "ცახალი" პალესტინურ ანკლავში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას განაგრძობს, დარტყმებს დღეს 43 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×