რეზონანსი
30.09.2025

 დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფ თაბორი" გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.

"მოხარული ვარ, რომ თბილისს შეემატა სივრცე, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით, მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. "პარაგრაფ თაბორი" საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. სასტუმროს, გოლფის მოედნებისა და საბაგიროს ინვესტიცია ჯამში 500 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს "პარაგრაფ თაბორის" გახსნა. სასტუმრო მდებარეობს თაბორის მთაზე, რომელიც საბაგირო გზით არის დაკავშირებული თავისუფლების მოედანთან. როგორც ხედავთ, აქედან საუცხოო ხედი იშლება, ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი. აქვეა ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დედაქალაქის კიდევ ერთი სიამაყე და მშვენება, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს." მადლობა მათ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე ახალი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის შექმნისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს".

„მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს" იმისთვის, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მოინიშნა ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ადგილი, "პარაგრაფ თაბორის" სახით.

რასაკვირველია, უდიდესი მადლობა ეკუთვნის ადამიანს, ვინც სული ჩაუდგა ამ პროექტს და კიდევ ერთი უნიკალური ადგილი შემატა თბილისს - მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

„ჩვენ, მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მომავალშიც ხელს შევუწყობთ ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას - პროექტების, რომელთაც მოაქვთ პრესტიჟი დედაქალაქისთვის, ზრდიან ტურისტულ პოტენციალს, ხელს უწყობენ მოქალაქეების დასაქმებას და კიდევ უფრო ალამაზებენ თბილისს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×