
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო თავისი გადაწყვეტილება „ომის დეპარტამენტის“ სახელწოდების შემოღების თაობაზე და განაცხადა, რომ მისი აზრით, სახელის გადარქმევა კონფლიქტების შემაკავებელი ფაქტორი გახდება.
„ომის დეპარტამენტი ომებს შეაჩერებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მომავალში მეტ განცხადებას გააკეთებს, რათა „სრულად მიიღოს ომის დეპარტამენტის იდენტობა“.
„ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები მომავალში სრულიად შეუდარებელი იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია და თქვა, რომ ის „არაკომპეტენტური ხალხით“ იყო სავსე.
„ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები. საუკეთესო, ყველაზე გაბედული, ყველაზე მამაცი, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ“, - დასძინა ტრამპმა.