რეზონანსი
30.09.2025

ჩეხეთმა საქართველოს ხუთ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, პასუხისმგებელი არიან შარშანდელი და მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ძალადობრივ ჩარევაზე.

სანქციები დაუწესდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საჯაროდ იცავდა სამართალდამცველთა მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას და ძალადობას.

სასანქციო სიაში ასევე არიან მოსამართლეები: კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ჩეხეთში ჩასვლა, ასევე ნებისმიერი ფინანსური ოპერაციები ჩეხურ ორგანიზაციებთან. ასევე მათ დაუყადაღდებათ ჩეხეთში არსებული ნებისმიერი აქტივი.

ჩეხეთის მედია წერს, რომ „საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს პროევროპული ოპოზიციის წევრების დაკავებას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რასაც საფუძვლად უდევს გასული წლის ოქტომბრის საკამათო საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, ანალოგიური ზომები უკვე მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისივე განცხადებით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×