
მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია ის ლეგალური რესურსი, ლეგალური სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვების გზით მოხვიდე ხელისუფლებაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის ფაქტზე.
„ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიაზრონ და თავში ჩაიდონ - საქართველოში ხელისუფლება იცვლება არჩევნების გზით. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია ის ლეგალური რესურსი, ლეგალური სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვების გზით მოხვიდე ხელისუფლებაში. სხვა ნებისმიერი გზა ამ მიმართულებით წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. არაკონსტიტუციურად ეცადო და კვლავ რევანშით მოხვიდე ხელისუფლებაში - ქაოსით, კანონის დარღვევით, ძალმომრეობითა და ძალადობით, რევოლუციების ინსცენირებით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ადეკვატურად, სამართლიანად და სამართლებრივად პასუხგაცემული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„კურიერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ. ტელეკომპანიამ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას სადარბაზოდან გამოდიან. მართველი გუნდის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძე დავალებებს ბაჩო ახალაიასგან იღებს.