რეზონანსი
29.09.2025

ევროკავშირი არ იყენებს თავის ყველა შესაძლებლობებს, პასიურია, ელოდება ჩვენგან ამ გამოწვევების გადაჭრას ან არდაძლევას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთმა კარგად იცის ფსიქოლოგიური ომი და მას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს.

„რუსეთის მეთაური ხანში შესული ადამიანია, ან არც ისე ხანში შესული. მან იცის ფსიქოლოგიური ომი და იყენებს მას. ჩვენ კი ვუყურებთ, რა შეუძლია ევროკავშირს, ამ უზარმაზარ ძალას. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი არ იყენებს თავის ყველა შესაძლებლობებს, პასიურია, ელოდება ჩვენგან ამ გამოწვევების გადაჭრას ან არდაძლევას. ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძელით მათი გადალახვა, რადგან მე, როგორც პრეზიდენტს, არ მქონდა აღმასრულებელი ძალაუფლება, რომ გამომეყენებინა ის და ასევე დიასპორისთვის ხმის მიცემის უფლება. ძალიან მიხარია, რომ ეს იყო შემთხვევა, რომლის გამოყენებაც მაია სანდუს შეეძლო მოლდოველი ხალხის ხმების დასაცავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის სიძლიერე მის გაფართოებაზეა დამოკიდებული.

„ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ახალი წევრების ინტეგრაციას არ ეხება. საქმე ეხება ევროპული მოდელის დაცვას, დემოკრატიისა და მრავალმხრივი ორგანიზაციის იმ ტიპის უნიკალური მოდელის, რომელიც ნებაყოფლობით აირჩია ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც დღეს ქმნის ევროკავშირს ან რომელიც ხვალ შექმნის ევროკავშირს. უფრო ძლიერი ევროპა დამოკიდებულია გაფართოებაზე, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალ პოლიტიკას, გაფართოებას, რომელიც მოიცავს ძლიერ ეკონომიკურ მხარეებს, კავშირს მეზობლებთან, პარტნიორებთან და რეგიონებთან, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ამ გაგებით, შავი ზღვა გაფართოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. რუსეთი ძველი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა სივრცის ან საბჭოთა კავშირამდე არსებული სივრცის ნაწილი იყო და ეს არის შავი ზღვა, რომელიც ახლა სტრატეგიული რეგიონია ევროკავშირისთვის, ნატო-სთვის, რომელმაც შეიმუშავა ახალი სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ასევე ევროკავშირისთვის. ასე რომ, შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვმა სამიზნედ აირჩია ყველა ის ქვეყანა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვის ამ სტრატეგიებისთვის თანამშრომლობის, კავშირისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპამ საქართველო დაკარგა.

„ევროკავშირის კოლექტიური ხმა არ გამოხატავს მკაფიო ხმას იმის შესახებ, თუ რა ხდება და მე ცოტათი არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სასარგებლოდ დაკარგული იყო. მან ცოტათი გადააჭარბა, რადგან, ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ დავკარგულვართ.

ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×