რეზონანსი
29.09.2025

მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის ჩვენებით, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა.

ჩადუნელის ჩვენების მიხედვით, ფარცხალაძესთან ბოლო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ჯანგველაძე მას რადიკალურად სხვანაირი და გაკვირვებული მოეჩვენა.

ჩვენების დაწყებამდე, მოსამართლე გიორგი გელაშვილის კითხვაზე, ბრალდებულ გელა უძილაურს თუ იცნობთ, ჩადუნელმა უპასუხა - „მაგის სახეს რა დამავიწყებს".

„ჯანგველაძის ოჯახს 17 წელია ვიცნობ. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ უმუშევარი დავრჩი და კერძო დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. ბიზნესმენ ავთო საყვარელიძესთან ვმუშაობდი, შემდეგ მოვხვდი ლევან ჯანგველაძესთანაც“, - განაცხადა ჩადუნელმა.

მისივე ჩვენებით, ჯანგველაძე საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. როგორც ჩადუნელმა აღნიშნა, თავად ძმებ მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს და ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს.

მოწმის თქმით, როცა ჯანგველაძე ქვეყანაში ჩამოდიოდა, ის მას ან მის მამიდაშვილს - მიხეილ ბერძენიშვილს ურეკავდა, რუსეთიდან წამოსასვლელ ბილეთს თვითონ ყიდულობდა, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა აქედან გასაფრენად ბიზნესკლასში ადგილი არ ყოფილა, თამაზ გაიაშვილთან დაურეკავს, იქ ჩადუნელი მისულა და აუღია ბილეთი.

მოწმის ჩვენებით, ჯანგველაძეს რუსეთში რესტორნის ბიზნესი ჰქონდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის კითხვაზე, ხომ არ სმენია, რომ წარსულში მომხდარ მკვლელობას „დედ ჰასანი“ ჯანგველაძეებს აბრალებდა, მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.

პროკურორის კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, შეხვედრია თუ არა ფარცხალაძე და ჯანგველაძე საქართველოში ერთმანეთს, მოწმემ დადებითი პასუხი გასცა.

„შარშან, ზაფხულში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს მივედით, კორპუსის პირველ სართულზე შევიდა, დაახლოებით, ერთი საათი შიგნით იყო. თვითონ ლევანისგან ვიცოდი, რომ ფარცხალაძეს შეხვდა. ნორმალურ ხასიათზე იყო, ისევ „ამბასადორში“ დავბრუნდით. კითხვები არ დამისვამს“, - განაცხადა ჩადუნელმა.

პროკურორის კითხვაზე, აღნიშნულ შეხვედრაზე მიქაძეები ნახა თუ არა იქ, უპასუხა, რომ „დაზუსტებით ვერ იტყოდა".

მისივე თქმით, მას დავით მიქაძე ერთხელ ჰყავს ნანახი, როცა რესტორან "მეტეხის ჩრდილში", დახვდა ერთი პირი, რომელიც მიესალმა და უთხრა, რომ დავით მიქაძე იყო.

მან ასევე გაიხსენა ფარცხალაძესთან ჯანგველაძის კიდევ ერთი შეხვედრის ეპიზოდი.

„ფინანსურ პოლიციაში წავედით, თქვა, ოთარ ფარცხალაძეს უნდა შევხვდეო. იქ დაახლოებით, ნახევარი საათი დარჩნენ. ჯანგველაძეს თანმხლები პირი მოჰყვებოდა, ხელი ჩამომართვა, გადამეხვია, ერთმანეთს მივესალმეთ, თავში დამარტყა, რომ ეს იყო ოთარ ფარცხალაძე, სხვა კომუნიკაცია და ნაცნობობა მასთან არ მქონია",- განაცხადა ჩადუნელმა.

მისივე თქმით, შეხვედრიდან გამოსული ლევან ჯანგველაძე მისი განცდით, გაკვირვებული იყო და ის პირველი შეხვედრიდან რადიკალურად განსხვავებულად იყო.

პროკურორის კითხვაზე, როდის მიხვდა, რომ ის უბრალოდ თანმხლები პირი არ იყო და ოთარ ფარცხალაძე იყო, მოწმემ უპასუხა, „რომ თვითონ უთხრა“.

„ხელი რომ ჩამომართვა, მაშინ. რაც მახსოვს, მას ვუთხარი, ჩემი ჩამოყალიბებულია ფინანსური პოლიცია-მეთქი“, - განაცხადა ჩადუნელმა.

მისი ჩვენებით, იმ ადგილზე იმყოფებოდა ჯანგველაძის მამიდაშვილი მიხეილ ბერძენიშვილიც, რომელსაც ფარცხალაძემ ხელი ჩამოართვა.

პროკურორი მოწმეს ჩაეკითხა, „ფარცხალაძემ მხოლოდ ის [ჩადუნელი] გადაკოცნა, გადაეხვია, ბერძენიშვილს[ჯანგველაძის მამიდაშვილს] კი უბრალოდ ხელი ჩამოართვა" თუ არა, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორს მაშინ როცა ის მოწმესთან ფარცხალაძესთან დაკავშირებით კითხვებს აზუსტებდა, მოუწოდა, კონკრეტულად ის კითხვები დავსვა, რაც ბრალდებასთან დაკავშირებულია. მოსამართლის თქმით, ვერ ხვდება, უძილაურის საქმეზე რა კავშირშია, ფარცხალაძემ ბერძენიშვილს ჩამოართვა თუ არა ხელი.

ჩადუნელის ჩვენებით, ის მოკლულ ბიზნესმენთან, ლევან კაჭარავასთანაც მუშაობდა, რომელიც ასევე მოკლული ლევან ჯანგველაძის შვილის ნათლია იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×