რეზონანსი
29.09.2025

ბაჩო ახალაიას იმედი აქვთ, რომ შეიძლება, მას კავშირები ჰქონდეს იმ მწამებლებთან, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევენ და სისხლი მათთვის ღირებულს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალიას შეხვდნენ და „მიიღეს მითითებები, როგორ უნდა მართონ პროცესი 4 ოქტომბრის აქციების დროს“.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლშია.

„პაატა ბურჭულაძეს სხვა ფუნქცია არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ რუსეთის სცენებზე მღეროდა, მაგრამ ის შეარჩიეს, რადგან მას კავშირი არ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან წარსულთან. დღეს იძულებულია, რომ ამ ხალხის გეგმების რეალიზების სცენარში ჩაერთოს. დიახ, იძულებულია, რადგან ასე დაავალეს. ვინც გვეუბნება, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მყარი პოზიციები და განვითარება ჰქონდეს. ეს ადამიანები სისხლიანები არიან, რადგან ისინი იმ ტერორის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო. ბაჩო ახალაიას იმედი აქვთ, რომ შეიძლება, მას კავშირები ჰქონდეს იმ მწამებლებთან, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევენ და სისხლი მათთვის ღირებულს არ წარმოადგენს. ზოდელავა, ახალაია, მერაბიშვილი, ის ხალხია, ვინც სისხლიან ტერორში მონაწილეობდა. პაატა ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი წინ წამოსწიეს, როგორც ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები, ვისაც იმ ბნელ პერიოდთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისხლიანი წარსულია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ამ პროცესში პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლშია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციები გამართეს. ტელეკომპანიის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×