რეზონანსი
28.09.2025

ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თავად ბრალდებულს სასამართლო სხდომაზე მომხდარზე არ უსაუბრია.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სისტემატურად სთხოვდა, „უარის მიღების შემდეგ კი განიზრახა მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა".

დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 27 სექტემბერს წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×