
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირანის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.
ბრალდებულმა საქართველოში, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი „ჰეროინი", რაც 50 მილიონზე მეტი ღირებულებისაა, ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, „წითელი ხიდიდან" შემოიტანა.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ტვირთი ბულგარეთში უნდა გასულიყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია.
„წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვინაიდან ის არის მძღოლი, არც სატვირთო ავტომობილი და არც ტვირთი არ იყო მისი. შეიძლება ითქვას, რომ ის არის მსხვერპლი“, - განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.