რეზონანსი
28.09.2025

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც და მოსახლეობის მიმართულებითაც მაქსიმალური დახმარება იყოს გაწეული, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრისას. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ადგილზე მომუშავე ოპერატიულ შტაბი შესაბამის უწყებებთან პირდაპირ კონტაქტშია.

„სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა, არის ინფრასტრუქტურული დაზიანებები, არის ძალიან დიდი მოვარდნის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობაში. ახლა შეკრებილია ოპერატიული შტაბი, რა თქმა უნდა, შესაბამის სამინისტროებთან პირდაპირ კონტაქტში ვართ და მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენდს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება. მასთან ერთად არია სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ისინი დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ეცნობიან. ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად კაბალი-ბაისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათის წინ შეიზღუდა. ხიდის დაზიანების ხარისხზე დასკვნა ექსპერტებმა უნდა დადონ. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, კაბლის ხევის კალაპოტი შეიცვალა და სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა. უხვი ნალექის შედეგად ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე გუშინ ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და ტექნიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×