
დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადიდებული მდინარების კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ გზებზე წყალი აღარ მიედინება.
დატბორილია რამდენიმე სოფელი. ადიდებულია მდინარე ნინოსხევი, შრომისხევი, ასევე მდინარე არეში, რის გამოც ერთდროულად მოხდა დატბორვა სწორედ ამ სოფლების. ადგილზე სტიქიის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მძიმე ტექნიკა ვერ უმკლავდებოდა სტიქიის მასშტაბებს. როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდია სტიქიის არეალი, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დახმარება როგორც გარშემო მუნიციპალიტეტებიდან, ასევე თბილისიდანაც ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული სტიქიის ზონაში, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
"განსაკუთრებულად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. არის ასევე ინფრასტრუქტურული ზარალი, არის დაზიანებული. გუშინ დილიდან საკმაოდ ინტენსიურად, კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. დღესაც აქტიურად მუშაობენ მერიის სამსახურები, ხდება სიტუაციის შესწავლა, მიზეზებზე მუშაობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ, გვექნება სრული სურათი [ზიანის], ჯერ ბოლომდე საუბარი შეუძლებელია, შემდგომ ვიფიქრებთ რეაგირების გზებზე", - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ჯონდო მდივნიშვილი.