
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საარჩევნო უბანთან უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, აუცილებელია დღეს არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქემ მიიღოს.
„ხმა მივეცი ისეთ პარლამენტს, რომელთანაც შეგვიძლია, მშვიდობა შევინარჩუნოთ – პარლამენტს, რომელიც პატივს სცემს მოლდოვის რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს, პარლამენტს, რომელთანაც შეგვიძლია ევროპული მოლდოვის მშენებლობა განვაგრძოთ. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველას მოგიწოდებთ წახვიდეთ და მისცეთ ხმა. მოლდოვა, ჩვენი ძვირფასი სახლი, საშიშროების წინაშე დგას და თქვენი დახმარება სჭირდება. დღეს თქვენი ხმით შეგიძლიათ მისი გადარჩენა, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. თქვენი ხმა უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედს და არა ნაყიდი ხმები. მოდით, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა არა მხოლოდ პატარა ქვეყანაა დიდი გულით, არამედ ქვეყანაც, სადაც ხალხი არ ყიდის თავის ქვეყანას“,- აღნიშნა მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი 101-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის, ანუ 51 ადგილის მოპოვებას შეეცდებიან. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის.