
რუსეთს არ ჰქონია და დღემდე არ აქვს განზრახვა, თავს დაესხას ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
ლავროვმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას „გადამწყვეტი პასუხი“ მოჰყვება.
„ნატოს და ევროკავშირს ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა. მან ასევე დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს, არამედ მთელ ევრაზიას ემუქრება და მის „სამხედრო ალყაში“ მოქცევას ცდილობს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის „კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად“. მან ასევე დაადანაშაულა უკრაინა რუსული ენის აკრძალვაში.
„არაბული არ არის აკრძალული ისრაელში, ებრაული არ არის აკრძალული არაბულ ქვეყნებში, ან ირანში. მაგრამ რუსული აკრძალულია უკრაინაში“, - განაცხადა ლავროვმა.