რეზონანსი
27.09.2025

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში - პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვასთან ერთად, ქვეყანაში დაკავებები გრძელდება

დღეს, 21:07 9  

"დიადი მოლდოვა" უკვე მეორე ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცესკომ გადაწყვეტილება კენჭისყრამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა. უწყებამ მიზეზად დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევები დაასახელა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი დარწმუნებულია, რომ მიზეზი პოლიტიკურია და მოლდოვის ხელისუფლებამ კონკურენტი პარტია გამოგონილი ბრალდებებით ჩამოიშორა.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა, "მოლდოვის გულია". გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, არა ცესკომ, არამედ სააპელაციო სასამართლომ მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაშიც არჩევნების კვირას. მოსამართლის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვასთან ერთად, პარტიას საქმიანობა ერთი წლით ეზღუდება. მიზეზად სავარაუდო ფინანსური დარღვევები და უცხოური გავლენები დასახელდა.

ოპონენტების ბრალდებებს მაია სანდუ კრიტიკით პასუხობს და ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს.

მოქმედმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მოქმედ ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს ქვეყნის ექსპრეზიდენტიც. იგორ დოდონი, რომლის ბლოკიც სანდუს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვასთან ერთად, ქვეყანაში დაკავებები გრძელდება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩხრეკა 250 მისამართზე ჩატარდა, მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით 74 პირი აიყვანეს.

კიდევ ერთი საქმე, რომელსაც მოლდოვის პოლიცია იძიებს, არჩევნებზე ეგრეთწოდებული სომხური კარუსელის სქემას ეხება. კიშინიოვის პოლიციამ, ერთ-ერთ სტამბაში ჩხრეკისას უკვე შევსებული, 200 საარჩევნო ბიულეტენი აღმოაჩინა. ბეჭედდარტყმულ ბიულეტენში კონკრეტული საარჩევნო ბლოკი წინასწარ იყო მონიშნული. გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ სტამბა ბიულეტენებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთით აყალბებდა. ამ ფონზე ხვალ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, სავარაუდოდ ხვალვე გაირკვევა შედეგები, უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×