
ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას 13 წელია, ამოცანა აქვს, „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, დევნოს, გააუქმოს, მაგრამ ამ საცოდავებმა, რუსეთის მონებმა და ფულის მონებმა არ იციან და ვერ შეიგნეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ნებართვა, თუ დოკუმენტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" „ღალატის კომისიის ბოდვის არ ეშინია".
„ჩვენთვის ახალი არაფერია. კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას 13 წელია სწორედ ეს ამოცანა აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, დევნოს, „ნაციონალური მოძრაობა" გააუქმოს, მაგრამ ამ საცოდავებმა, რუსეთის მონებმა და ფულის მონებმა არ იციან და ვერ შეიგნეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ნებართვა, თუ დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება იდეა, ერთიანი, ძლიერი, წელში გამართული, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოსი, რომელიც ამ მოღალატეების ძალისხმევის და მონდომების მიუხედავად აუცილებლად იქნება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და, რომელიც აუცილებლად შეძლებს საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას და ძლიერი, აყვავებული სახელმწიფოს აშენებას. ჩვენ ამ ღალატის კომისიის ბოდვის ნამდვილად არ გვეშინია. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთვის ბრძოლა, ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ქართველი ხალხისა და ყველასი ერთად გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.